უკრაინულმა მხარემ ელენოვკაში დაღუპული სამხედრო ტყვეების დაბრუნების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ოფიციალური კიევი ავრცელებს. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულთა სიას აქვეყნებს, თუმცა, უკრაინაში აცხადებენ, რომ ოფიციალურად ეს ინფორმაცია მოსკოვიდან ჯერ არ მიუღიათ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კოლონიაზე დარტყმას 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა. მოსკოვი და კიევი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ დაჭრილების დროულად ევაკუაციის მიზნით, ელენოვკის კოლონიაში შესვლას ეცდებიან. რუსეთის ცნობით, დარტყმის შედეგად ათეულობით ტყვე დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება მოითხოვა.