ევროპული საბჭო რუსეთისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო დანაყოფი და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში. როგორც ათგვერდიან დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და იწვევს მასობრივ მსხვერპლსა და აზიანებს სამოქალაქო მოსახლეობას.
საბჭოს ცნობით, რუსეთი პირდაპირ ესხმის თავს სამოქალაქო მოსახლეობას და დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებსა და თავშესაფრებზე. ეს სამხედრო დანაშაულები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. დამნაშავეები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, დახუროს დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები და გააძლიეროს სანქციები. „სანქციების გვერდის ავლისა ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა იქნება შეჩერებული“, – ნათქვამია კომუნიკეში.