ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების განურჩეველ და უკანონო დარტყმებს მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში: „თავდასხმები ლვოვზე და დასავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებზე აჩვენებს, რომ ქვეყნის არც ერთი ნაწილი არ არის დაზღვეული კრემლის უაზრო შეტევისგან. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობას და ზომებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ. დაუსჯელობა ომის დანაშაულებისთვის შეუძლებელია. რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს უკრაინიდან ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.