ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. ამასთან, შარლ მიშელმა არ დააკონკრეტა, რა ღირებულების სამხედრო დახმარებაზეა საუბარი და რა აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს ევროკავშირი.
შარლ მიშელი ასევე შეეხო მოლდოვისთვის უკრაინის ომის შედეგებს და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა რეფორმების მნიშვნელობას. თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებას უახლოეს დღეებში დაასრულებს და იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული ინსტიტუტები მოლდოვის ევროკავშირში წევრობის განაცხადს დადებითად შეაფასებენ.