„ევრო 2024“ საქართველოს პირველ არხზე

 დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, ფეხბურთი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება – ევროპის ჩემპიონატი იწყება. მასპინძელი ქვეყანა, გერმანია 51 თამაშის მასპინძლობისთვის ემზადება. მატჩები ათ ქალაქში გაიმართება.

„ევრო 2024“-ს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოსთვის. დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპირველობაზე ასპარეზობს. 26 მარტს პლეიოფის ფინალში საბერძნეთთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით, ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი გახდა. ქართველი გულშემატკივრების ნაწილი უკვე გერმანიაშია ჩასული. F ჯგუფში მოასპარეზე ჯვაროსნები 18, 22 და 26 ივნისს თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მანამდე კი გახსნის საზეიმო ცერემონიაა, რომელიც დაახლოებით ერთ საათსა და 45 წუთში დაიწყება. მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ჩემპიონატის პირველ დღეს მასპინძელი გერმანიის ნაკრები შოტლანდიის გუნდს დაუპირისპირდება.

დღევანდელ ცერემონიას, პირველ თამაშსა და ჩემპიონატის ყველა მატჩს, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.