ომის სისასტიკე და კადრები, რომელთა ნახვის შემდეგ რუსეთს ტერორისტული ქვეყანა უწოდეს.
ცხოვრება რუსული ბომბების ქვეშ, თავშესაფრებში, განგაშის მუდმივი სიგნალის ფონზე, დევნა, სასურსათო და ენერგოკრიზისი – ერთი წელია, ასეთი მძიმე სურათი უკრაინელების ყოველდღიურობადაა ქცეული. 2021 წლის ბოლოს უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციით მსოფლიოსთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. საერთაშორისო ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა – 2022 წლის 24 თებერვალს, ანუ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან ორ დღეში, მოსკოვმა გეგმა სისრულეში მოიყვანა და უკრაინის ქალაქების და რეგიონების დაბომბვა დაიწყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო ძალებმა ვერ მიაღწიეს კიევამდე. ბუჩა, ირპენი, გოსტმელი – კიევის ოლქის ის ქალაქები, რომლებიც ერთი თვე ოკუპირებული იყო, ომის და რუსული აგრესიის სისასტიკეს ყველაზე უკეთ ასახავს ქუჩაში დახვრეტილი მოქალაქეები, ტყეში აღმოჩენილი სამარხები, ნაწამები ხალხი. ამ ქალაქების მსგავსად, ერთი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთ ოკუპირებულ რეგიონზე დაიბრუნეს კონტროლი. ახლა ფრონტის მთავარი ხაზი დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტია. ომმა რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. უკრაინისთვის მუდმივი ფინანსური და სამხედრო დახმარების ფონზე ამერიკამ და ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების უკვე არაერთი პაკეტი აამოქმედეს.