რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა დაუდგენელი პირებისგან „საშიში ამანათები“ მიიღეს, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულებამ ონლაინკონფერენციაზე გამოსვლისას ასევე თქვა, რომ გასულ კვირას მადრიდში უკრაინის საელჩოს ამანათი გაუგზავნეს ასაფეთქებელი მოწყობილობით. პირმა კი, რომელმაც გზავნილი გახსნა, აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო.
მისივე ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მიიღეს ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო მოთავსებული. უცნაური ამანათები ასევე მიიღეს უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ჩეხეთში. დმიტრო კულება ამ ყველაფერს უკრაინელი დიპლომატების დაშინების მცდელობას უწოდებს.