„ჟურნალისტები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად“

„ჟურნალისტები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად!“ – დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ცხრა წლის გახდა. თარიღთან დაკავშირებით, ფონდმა პრესკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონფერენციო სივრცეში გამართა. ცხრა წლის წინ ჟურნალისტები ჩვენი კოლეგის, ოპერატორ დიტო ცინცაძის გადასარჩენად გავერთიანდით. მიზნის მიღწევის შემდეგ, გადაწყდა მედიის წარმომადგენლების გაერთიანება არასრულწლოვანი ონკოპაციენტების დასახმარებლად. მას შემდეგ ფონდმა შეძლო და გადაარჩინა კიდევ არაერთი 18 წლამდე ასაკის ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტის სიცოცხლე.

მძიმე პანდემიური ვითარების მიუხედავად, ერთგული მეგობრების, პარტნიორებისა და დონორების დახმარებით, ფონდი 417 ბენეფიციარს დაეხმარა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაში. ბენეფიციარებს დაუფინანსდათ სამედიცინო კვლევა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები. 2013 წლიდან დღემდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ფონდის მიერ სულ შეგროვდა და გაიცა 3,5 მილიონი ლარი. დიტო ცინცაძის სახელობის ფონდი ნდობისთვის და თანადგომისთვის მადლობას უხდის საზოგადოებას და მოუწოდებს ქველმოქმედებისკენ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად.

დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქველმოქმედო სატელეფონო ნორმით – 09-01-08-08-06.