დავით კირკიტაძის სასამართლო

დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გრძელდება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა და მოწმეების გამოკითხვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

კირკიტაძის ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად, რომლებიც სხდომის დახურვის სამართლებრივი საფუძველის არარსებობაზე აპელირებდნენ, მოსამართლეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და მესამე სხდომაც საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე მიმდინარეობს.

გურჯაანის სასამართლოში კირკიტაძის მხარდასაჭერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი იმყოფება. დავით კირკიტაძის ადვოკატის, ბაადურ გულიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება. ბრალდების მხარის მიერ, წინა სასამართლო სხდომებზე, რვა მოწმე უკვე დაიკითხა, ადვოკატის განცხადებით, დავით კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებით, საქმეზე სულ  60-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს.