დავით ჭაკუას ბრალი გააცნეს

მძიმე დანაშაულში ბრალდებული დავით ჭაკუა, რომლის ექსტრადირება გუშინ გერმანიიდან განხორციელდა, სპეციალურ საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. ბრალდებული აქ  21 დღეს გაატარებს, რის შემდეგაც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის.

ინტერპოლის მიერ შვიდწლიანი ძებნის შემდეგ საქართველოში ექსტრადირებულ დავით ჭაკუას ბრალი ბათუმის აეროპორტში გააცნეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის  ექსტრადირება საქართველოში სისხლის სამართლის ორი საქმის ფარგლებში მოხდა. პირველი ეხება 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეს, სადაც ჭაკუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ბაჩო ახალაიასთან, მეგის ქარდავასთან და რევაზ ჭარბაძესთან ერთად. მეორე საქმეზე კი, რომელიც 2012 წლის ციხის კადრებში ასახულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

ამ საქმეზე ჭაკუას ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ზურაბ ადეიშვილთან ერთად აქვს წარდგენილი. კონკრეტული ბრალდებების სია საკმაოდ ვრცელია: პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა, იგივე დანაშაულების წაქეზება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზება და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება. დავით ჭაკუას საქმეზე უახლოესი სასამართლო სხდომა 13 ივლისს, 10 საათზეა ჩანიშნული.

 

დატოვე კომენტარი