დატოვებს თუ არა თანამდებობას რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ამის შესახებ სახალხო დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამარხში წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავდაცვის მინისტრად, შესაძლოა, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დაინიშნოს.

მედიასაშუალების ცნობით, პარლამენტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს. „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროების ცნობით, რეზნიკოვის კანდიდატურა განიხილება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტზე.

10 აგვისტოს „უკრაინსკაია პრავდა“ წერდა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრის პოსტზე რეზნიკოვის შემცვლელს ეძებს.