დაკავება ოკუპირებულ სოხუმში

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, 29 წლის გოგოს საცხოვრებელ სახლში ე.წ.-მა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „მეფედრონის“ ორი შეკვრა აღმოაჩინეს, რომლის საერთო წონა ათ გრამზე მეტი იყო.

დაკავებულს, ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰქონდა საქართველოს დროშა და ქართული პასპორტი. ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დაკავებას უკანონოს უწოდებს. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად უწყება აქტიურად მუშაობს.