„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაურიანად წარიმართა. ინიციატივა კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას გულისხმობს. ოპოზიციის ნაწილი წარდგენილ ინიციატივას მხარს არ უჭერს და ცვლილებებს ფასადურს უწოდებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. სწორედ ამ პოზიციის გამო ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ფასადური ცვლილებების გატარებაში ადანაშაულებენ.
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ორი დღის წინ კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, სადაც რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინებაზე, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმებაზე. ასევე, თუ რა რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარეები და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე პირები. დღესვე „ქართული ოცნების“ წევრებმა ოპოზიცია მიმდინარე სამუშაო პროცესის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.