პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყო. იურიდიული კომიტეტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. მმართველი გუნდის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის გადახედვას არ აპირებს.
უკვე დაინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები რა ფორმულირებით აისახება, ცნობილი იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გახდება. კომიტეტის სხდომაზე დასწრებას აპირებს ოპოზიცია. მათი თქმით, მმართველ გუნდს ფასადური ცვლილებები სურს და სასმართლოს რეალური დამოუკიდებლობა მათ ინტერესებში არ შედის.
სასამართლო რეფორმის პროექტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გაწერილი 12 პუნქტიდან რიგით მესამე რეკომენდაციაა. ვენეციის კომისია კონკრეტული ცვლილებების გატარების ინიციტივით გამოდის. მათ შორის რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატიზმისა და პირადი საკითხების აღმოფხვრასა და საბჭოს ძირეულ რეფორმას ითვალისწინებს.