ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების ერთობლივი განცხადება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანებიან.

„გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე. ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას, შესაძლოა, დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს… „ქართული ოცნება” უკვე შვიდი წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს. გმადლობთ ყურადღებისათვის”,  – აღნიშნულია ცოტნე გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ერთობლივ განცხადებაში.