ბულინგის კამპანია ოლიმპიური ჩემპიონების მისამართით – სოციალურ ქსელებში ნეგატიური კომენტარები არ წყდება, სამიზნე ამჯერად ლაშა ბექაურია, რომელმაც ჟურნალისტებთან თავისი აზრი დააფიქსირა პრეზიდენტის მიერ გაზიარებულ იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ოლიმპიური ჩემპიონები ირონიულ კონტექსტში არიან მოხსენიებული. კომენტარები სპორტსმენებმა გუშინდელი დაჯილდოების შემდეგ მედიასთან გააკეთეს.
პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. თუმცა დაჯილდოებას წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის მიერ საკუთარ გვერდზე ქართველი ტიკტოკერის ვიდეოს გაზიარება, სადაც ბლოგერი მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში მყოფ ოლიმპიურ ჩემპიონებს ირონიულად მოიხსენიებს.