ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფა - დაშავებულების მდგომარეობა

კიევის ოლქის, ბროვარის რაიონში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია. ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვებს, რომლებმაც მძიმე დამწვრობა მიიღეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინაში, ქალაქ ბროვარის მერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ვერტმფრენის ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საერთო ჯამში, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ცხრავე პირი და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მყოფი 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულია 25 პირი, მათ შორის 11 მცირეწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი მგზავრობდნენ, გუშინ დილით, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას, დროებით, ეროვნული პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო შეასრულებს.