ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო, ეს არის დისკუსია, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრასის თქმით, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობებიც არ არის ნატო-ს სტანდარტების, რომლითაც რუსეთის სამომავლო თავდასხმის შეჩერება შეეძლება. „პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით, წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, რომ მან მიატოვა ეს ამბიციები“, – განაცხადა ტრასმა.

როგორც მედია წერს, შეთანხმების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი ქვეყნები მოლდოვას თანამედროვე იარაღს მიაწვდიან, რათა ქვეყანამ საბჭოთა დროინდელი თავდაცვის აღჭურვილობა ჩაანაცვლოს, ხოლო ადგილობრივ ჯარისკაცებს სპეციალური სწავლებების გავლა მოუწევთ, მათი გამოყენების შესწავლის მიზნით.