ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბლინკენისა და ლავროვის პირველი საუბარი იქნება. ბლინკენის თქმით, მას ორი თემის განხილვა სურს – პირველი, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი, მეორე, კი რუსეთში დაკავებული ამერიკელების გაცვლის საკითხია. საუბარია ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლ უილანსა და კალათბურთელ ბრიტნი გრაინერზე, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოუჩინეს. ამერიკულ პრესაში წერენ, რომ დაკავებულების გასათავისუფლებლად ვაშინგტონი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გაცვლაზეა თანახმა, რომელიც ამჟამად 25-წლიან სასჯელს იხდის ტერორიზმის ხელშეწყობისთვის.