ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი მებრძოლები ევაკუაციას ითხოვენ. უკრაინელი ჯარისკაცები უკიდურესად რთულ ვითარებაში არიან და ყველას მოუწოდებენ, გააკეთონ მაქსიმუმი მათ გამოსაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ყველა მათგანი დაიღუპება. მათი თქმით, გასულ დღეს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას სამი უკრაინელი ჯარისკაცი გარდაიცვალა და ექვსი დაშავდა. მედია ავრცელებს უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, სერგეი ვოლინას წერილს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „მეჩვენება, რომ აღმოვჩნდი ჯოჯოხეთურ რეალით შოუში, სადაც ჩვენ სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ გადარჩენის ყველა შანსს და მთელი მსოფლიო უბრალოდ უყურებს საინტერესო სიუჟეტს. ასეთ სცენარებს იყენებენ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ფილმი არ არის და ჩვენ არ ვართ გამოგონილი პერსონაჟები. ეს არის რეალური ცხოვრება. ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლი, შიში, სიკვდილი – ყველაფერი რეალურია“, – აცხადებს ვოლინა. ევაკუაციის შესახებ განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან 300-ზე მეტი ადამიანი, ფაქტობრივად ყველა სამოქალაქო პირი გაყვანილია და ამჟამად ექიმებისა და დაჭრილების ევაკუაციისათვის მზადება მიმდინარეობს. ამასთან, გასულ დღეს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა ბავშვი, ქალი და მოხუცი ევაკუირებულია.