აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ 31 ტანკს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. საუბარია 31 ერთეულზე. გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა. თეთრი სახლის პირველმა პირმა განმარტა, რომ ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე და ასევე უკრაინელი სამხედროების გადამზადება დასჭირდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ წარმოადგენს შეტევით საფრთხეს რუსეთისთვის, ეს ეხმარება უკრაინას დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. ჯო ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოელი მოკავშირეები და პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მჭიდროდ თანამშრომლობენ, რომ უკრაინელი ხალხი მტკიცე პოზიციებით იყოს წარმოდგენილი ომში, სადაც უკრაინა რუსეთის აგრესიისგან საკუთარ ერს იცავს. ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, მის გადაწყვეტილებაზე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ზეწოლა არ განუხორციელებია.