აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობა

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. აშშ-მა მოითხოვა ჰიუსტონში გენერალური საკონსულოს დახურვა და დიპლომატების გაძევება.

ჩინეთი ამ მოთხოვნებს უსამართლოსა და უსაფუძვლოს უწოდებს და ადეკვატური რეაქციით იმუქრება.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, ჩინეთი აგრძელებს ამერიკის მიმართ ორაზროვან პოლიტიკას, ჯაშუშობას, ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას, გავლენის აგენტების ქსელის მართვას. ამის საორგანიზაციო ერთ-ერთი ცენტრი სწორედ ჰიუსტონის საკონსულო იყო. გენერალური კონსული შემჩნეულია ყალბი საბუთებით ადამიანების საზღვარზე გადაყვანაში, ფაქტობრივად, ტრეფიკინგში.

ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს ეზოდან კვამლი ამოდიოდა. როგორც გაირკვა, ჩინელებმა რკინის კასრებში დაწვეს და გაანადგურეს მთელი დოკუმენტაცია, რომლის ხელში ჩაგდებას ლამობდა აშშ-ის საგამოძიებო უწყება.

ჩინეთთან ურთიერთობების გარკვევა და აშშ-სთვის კაბალად ქცეული ხელშეკრულებების გასწორება ტრამპის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია, ასევე მისი სარჩევნო ერთ-ერთი კოზირი.

ტრამპი ბაიდენს ჩინეთთან ურთიერთობაში სისუსტესა და უხერხემლობაში ადანაშაულებს. ამას ხელს უწყობს ის სკანდალიც, რომელშიც ბაიდენის შვილია გახვეული. ცნობილია, რომ მან ჩინეთისგან მიიღო მრავალი მილიონი კრედიტების სახით. ჩინეთის გავლენის აგენტები არიან ყველგან – სპორტში, მეცნიერებაში, განათლებაში და ცხადია, პოლიტიკაში.

ჩინეთის საკითხი გართულდა და საარჩევნო სასწორზე სერიოზული პინაა.