ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც უკრაინაში ომის დასრულების საკითხიც განიხილეს, არც ოფიციალური კიევი დასწრებია და არც ევროკავშირი. ითქვა მხოლოდ ის რომ გარკვეულ ეტაპზე მოლაპარაკებებში ევროკავშირიც უნდა ჩაერთოს. ჯერ-ჯერობით თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა ევროგაერთიანებამ კი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედება რუბიო-ლავროვის შეხვედრამდე დაიწყო. ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის მოწვევით გაიმართა. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერების, ასევე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების ფონზე, ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ კონტინენტის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღონ. თუმცა იტალიის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრას, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა, მოგვიანებთ „ანტიტრამპისტული“ უწოდა.