ახალაიას სასამართლო
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გაგრძელდება – პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა დღეს მოსამართლემ. სხდომას ესწრებოდა თავად ახალაიაც. ბრალდების მხარის თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არის საიდუმლო მასალები, რის გამოც დახურვის შუამდგომლობა დააყენეს.
აღნიშნულს არ დაეთანხმა არც ბაჩო ახალაია და არც მისი ადვოკატები. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე, რაც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დაიწყება.