„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ამასთან, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
როგორც ზურაბ იაშვილი აცხადებს, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს და მას არაფერი გაუყალბებია. „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გუშინ ახალი ბრალი წარუდგინა. ასევე, ბრალი წარედგინა „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიას.