აფეთქება ბელგოროდში

ბელგოროდში აფეთქება მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი მანქანების სავალ ნაწილზე ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაშავდა. ქალაქის მერის თქმით, აფეთქება ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მოხდა. ამჟამად გზაზე მოძრაობა გადაკეტილია.

მანამდე რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის მისამართით ცეცხლის გახსნის შედეგად 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, დაშავებულთაგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინა-რუსეთის საზღვარზე შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, სადაც განაცხადეს, რომ დღეს დილით ორი მოტორიზებული ქვეითი ასეული, რომელიც გაძლიერებული იყო ტანკებით, შეეცადა შეჭრილიყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტ ნოვაია ტავოლჟანკასთან და საავტომობილო გამშვებ პუნქტ შებეკინოსთან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა სამი თავდასხმა მოიგერიეს და გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“. უკრაინული მხარის ცნობით კი, გუშინ ღამით კიევსა და უკრაინის რეგიონზე რამდენიმე საჰაერო თავდასხმა კიდევ ერთხელ განხორციელდა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.