36 სტრატაგემა
36 სტრატაგემა

ტერმინი „სტრატაგემა“ ძველი ბერძნული სიტყვა strategema-დან (στρατήγημα – სამხედრო ხრიკი, ეშმაკობა, ჩინ. 計 პალ ცზი)  მოდის, რაც ზოგადად სამხედრო საქმეს ან სამხედრო ხრიკს, ეშმაკობას აღნიშნავდა.

ძველ ჩინეთში ტერმინი (ჩინურად: ჩჟიმოუ, ფანლუე, მოულუე და ა.შ.) ასევე  რაიმე სახის ეშმაკობის ან ხრიკის შემცველ სტრატეგიულ გეგმას აღნიშნავდა. საინტერესოა თვითონ ამ ჩინური ტერმინის სემანტიკა: ბინომიჩჟიმოუ“ მაგალითად ერთდროულად აღნიშნავს გონიერებას, მოხერხებულობას, იმპროვიზაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამხედრო საქმის სპეციფიკას, როგორც ისეთი საქმიანობის არეს სადაც მუდამ რჩება შემთხვევითობისა და სიურპრიზების არეალი.

სტრატაგემების ამდაგვარი გაგება შორეულ წარსულში ჩაისახა და პირველ რიგში სამხედრო და პოლიტიკური ორთაბრძოლასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ სტრატაგემების და ზოგადად სტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია ძველი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მოაზროვნის სუნ-ცზის ტრაქტატმა „ომის ხელოვნება“, რომელიც ფაქტობრივად სტრატეგიული გათვლების სწორედ სტრატაგემებად გააზრებას მოითხოვს.

სტრატაგემა თავისი შინაარსით ალგორითმის მსგავსად ორგანიზებას უწევს ჩანაფიქრის განსახორციელებელ მოქმედებათა  თანამიმდევრულობას. აღსანიშნავია, რომ ძველ ჩინეთში სტრატაგემებს არა მხოლოდ მხედართმთავრები ადგენდნენ, არამედ მეფეთა და მმართველთა აღმზრდელები თუ პოლიტიკური მრჩევლები დახელოვნებულები იყვნენ სტრატაგემების საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დიპლომატიაში გამოყენებაში. იგი განათლების კულტურის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი იყო. ის ყველაფერი, რაც პოლიტიკურ ორთაბრძოლაში გამარჯვებას საჭიროებდა, ამავ დროულად სტრატაგემებად უნდა გააზრებულიყო.

დიპლომატიაში სტრატაგემების ცნება წარმოდგენილია როგორც დიპლომატიური და სამხედრო ღონისძიებათა ჯამური ხედვა, რომელიც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგარეო პოლიტიკური ამოცანების გრძელვადიანი გადაწყვეტას უზრუნველყოფდა. სტრატაგემების ამდაგვარი მიდგომა რეალიზაციის საშუალებებსა და მეთოდებს არა საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებისგან ან ნორმებისაგან იღებს, არამედ სამხედრო თეორიისაგან, რომელიც ცივი გონებით მიდგომას გულისხმობს, პრინციპით – მიზანი ამართლებს საშუალებას.

სტრატაგემების რეალიზაციისთვის აუცილებელ პირობად ითვლებოდა: „ნაბიჯების გათვლის და მათი შედეგების განჭვრეტის უნარი. მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური თავისებურებების ცოდნა და სიმტკიცე სტრატაგემის განხორციელების გზაზე“. თუმცა სტრატაგემების საშუალებით არა მხოლოდ სტარატეგიული, არამდედ ტაქტიკური დარტყმების მიყენებაც რა თქმა უნდა შესაძლებელია. ასე მაგალითად, განსაკუთრებით ცნობილია „სხვისი დანით მოკვლის“ სტრატაგემა და ა.შ.  შესაბამისად, სტრატაგემების შინაარსი სტრატეგიულ,  თუ ტაქტიკურ დონეზე შეიძლება გავრცელდეს და პირდაპირ დამოკიდებულია მხედართმთავრის, თუ ზოგადად ლიდერის პიროვნულ უნარებზე თარგმნოს ამა თუ იმ სტრატაგემას არსი შესაბამის სივრცესა და გარემოში.

პირველად უშუალოდ „36 სტრატაგემის“ შესახებ ინფორმაციას „სამხრეთ დინასტია ცი-ის ისტორიაში“ ვხვდებით, რომელიც 479-502 წლების პერიოდს მოიცავს. სამხრეთ ცი-ის ისტორია სიაო ცზისიანემ (489-537 წწ) შეადგინა. აღნიშნული ქრონიკა სახელმწიფო მოღვაწის ვან ცზინ-ცზეს მმართველობას აღწერს. ბიოგრაფიის გმირი ერთ ადგილას ღვაწლმოსილი ბატონ ტანის „ოცდათექვსმეტ სტრატაგემას“ ახსენებს.

ითვლებოდა, რომ პირველად 36 სტრატაგემა ცხრილად მოცემული „ხუმინის ფილოსოფიაში“ (ხუმინ ჩჟე სუე) არის მოცემული,რომელიც ხუმინის საიდუმლო საზოგადოებას ეკუთვნოდა. საზოგადოება 1074 წელს შეიქმნა და მიზნად მანდარინების განდევნასა და მინის დინასტიის აღდგენას ისახავდა. მათ მიერ შედგენილი 36 სტრატაგემის სია შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დღეს ფართოდ გავრცელებული 36 სტრატაგემის გარკვეული წინაპარი. თუმცა 1941 წელს უფრო ძველი წყარო იქნა ნაპოვნი. მინის დინასტიის ბოლო პერიოდით დათარიღებული „ტრაქტატი 36 სტრატაგემის შესახებ“.

36 სტრატაგემის მთლიანი სია მხოლოდ 138 ჩინური იეროგლიფისგან შედგება. თუ 138-ს გავყოფთ 36-ზე მივიღებთ მხოლოდ 4 იეროგლიფს. აღნიშნული გარემოება მეტად მცირე ენობრივ მასალას იძლევა ანალიზისთვის, თუმცა, თავის მხრივ, საშუალებას ტოვებს აღნიშნული სტრატაგემები სხვადასხვა გაგებით იქნას ინტერპრეტირებული. ამიტომ ინტერპრეტაცია და განმარტება აქ აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სტრატაგემის მნიშვნელობა ბუნდოვანი დარჩება მკითხველისათვის. გამომდინარე აქედან, შევეცდები, ქვემოთ თითოეული სტრატაგემა და  მათი ყველაზე გავრცელებული მოკლე განმარტებები შემოგთავაზოთ.

სტრატაგემა პირველი  -მოატყუე ცა (იმპერატორი), რათა გადაცურო ოკეანე

(უჩინარი ქუდის სტრატაგემა).

სიბნელისა და ჩრდილების საფარ ქვეშ მოძრაობა, იზოლირებული ადგილების დაკავება, ან სცენის მიღმა დამალვა მხოლოდ ეჭვს აღძრავს. მტრის ყურადღების მოსადუნებლად იმოქმედე ღიად და დამალე შენი ჭეშმარიტი ზრახვები ყოველდღიურ საქმიანობაში.

სტრატაგემა მეორე – ალყაში მოაქციე სახელმწიფო ვეი, რათა გადაარჩინო სახელმწიფო ჩჟაო

(აქილევსის ქუსლის სტრატაგემა)

მოწინააღმდეგეზე ირიბი ზეწოლის სტრატაგემა, როდესაც მოწინააღმდეგე პირდაპირი შეტევისთვის ზედმეტად ძლიერია, შეუტიე იმას, რაც ძვირფასია მისთვის. იცოდე, რომ ყველაფერში უპირატესი მტერი ვერ იქნება. სადღაც მის ჯავშანში  სიცარიელეა -სისუსტე, რომელსაც შეგიძლია დაარტყა. შეუტიე მათ, ვინც ძვირფასია შენი მტრისთვის, რომ ფსიქოლოგიურად დაასუსტო იგი.

სტრატაგემა მესამე – ითხოვე ვინმეს ხელი მოსაკლავად

(მოკალი ნათხოვარი დანით. ალიბის სტრატაგემა)

შეუტიე სხვისი ძლიერების გამოყენებით (ვინაიდან არასაკმარისად ძლიერი ხარ, ან არ გინდა შენი სიძლიერე გამოაჩინო, ან უბრალოდ, გინდა არ გამოჩნდე). აიძულე მოკავშირე შეუტიოს შენს მოწინააღმდეგეს. მოქრთამე რომ მოღალატედ აქციო. გამოიყენე მტრის სიძლიერე მისსავე წინააღმდეგ. მოახდინე სხვისი პროვოცირება შენი მტრის წინააღმდეგ და ამგვარად დარჩი უჩინარი.

სტრატაგემა მეოთხე -სიმშვიდეში ელოდე გადაღლილ მტერს

(გამოფიტვის სტრატაგემა)

აიძულე მოწინააღმდეგე გადაიღალოს და გახარჯოს საკუთარი ძალები. ეს არის ბრძოლის დროისა და  ადგილის შერჩევის უპირატესობის სტრატაგემა. მტრისგან განსხვავებით შენ გეცოდინება, როდის და სად შედგება ბრძოლა. ხელი შეუწყვე მოწინააღმდეგეს გახარჯოს მისი ენერგია უსარგებლოდ მაშინ, როდესაც შენ ძალებს ზოგავ; შეუტიე მთელი ძალითა და ენერგიით როდესაც იგი დაუძლურებული და დაბნეულია .

სტრატაგემა მეხუთე – გამოიყენე შანსი გაძარცვო, როდესაც ირგვლივ ცეცხლია

(ამღვრეულ წყალში თევზაობის სტრატაგემა)

როდესაც სახელმწიფო ჩართულია შიდა კონფლიქტებში, როდესაც ავადმყოფობები და შიმშილი მეფობს, როდესაც კორუფცია და კრიმინალი ბატონობს, მაშინ შეუძლებელია გაუმკლავდე საგარეო საფრთხეს. ეს შიგნიდან დაუძლურებულ მოწინააღმდეგეზე თავდასხმის დროა.

სტრატაგემა მეექვსე -იხმაურე აღმოსავლეთით და შეუტიე დასავლეთით

(ცრუ მანევრის სტრატაგემა)

ბრძოლაში მოულოდნელობის ეფექტმა შეიძლება გადამწყვეტი უპირატესობა მოგცეს. პირისპირ მდგარი მოწინააღმდეგეც შეიძლება გააკვირვო შეტევის მოულოდნელი მიმართულებით. მარჯვე ფანდის გამოყენებით მოწინააღმდეგის გონებაში ცრუ მოლოდინი შექმენი და შეუტიე სულ სხვაგან.

სტრატაგემა მეშვიდე – შექმენი რაიმე არაფრისგან

(მისტიფიკატორის სტრატაგემა)

მეშვიდე სტრატაგემა შეიძლება განიმარტოს რამდენიმენაირად. საჭიროა ცრუ მუქარის იმდაგვარი ინსცენირება, რომ მოწინააღმდეგემ სიცრუე შეამჩნიოს. ამის შემდეგ მისი ყურადღება დაიკლებს და რეალური საფრთხის დროს იგი მას ვეღარ დაინახავს. ასევე, განიმარტება როგორც რაიმეს დაჭერა ჰაერიდან – წარმოაჩინე მოგონილი როგორც სინამდვილე: დაყარე ჭორები, მოაწყვე სიცრუის კამპანიები; შექმენი არ არსებულის ილუზია.

სტრატაგემა მერვე – ფარულად აღადგინე ჩენცანის გადასასვლელები

(არაპირდაპირი შეტევის სტრატაგემა)

მოაჩვენე მოწინააღმდეგეს შეტევის ერთი მიმართულება, სინამდვილეში შეუტიე სხვაგან. ხშირად განმარტებულია ასევე როგორც ძალების გაყოფის სტრატაგემა. შეუტიე მოწინააღმდეგეს ერთმანეთისგან დაშორებული ტრაექტორიით. პირველი არის ძირითადი შეტევის მოჩვენებითი მიმართულება მაშინ, როდესაც მეორე მიმართულება არის უმთავრესი და მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელი, რაც მას აიძულებს ძალები დაყოს ქაოტურად და დამარცხდეს.

სტრატაგემა მეცხრე – უყურე ცეცხლს მდინარის მეორე სანაპიროდან

(მოთმინების, ჩაურევლობის სტრატაგემა)

არ ჩაერთო ბრძოლაში სანამ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ გამოფიტავენ. შემდეგ შეუტიე მთელი ძალით და დაამარცხე დაუძლურებული მტერი. არ ჩაერიო სხვათა კრიზისულ მოვლენებში მანამ,  სანამ ყველაფერი შენთვის სასიკეთოდ არ განვითარდება. არსებობს სტრატაგემის მეორე ინტერპრეტაციაც – უყურე მოჩხუბარ ვეფხვებს მთაზე მჯდომმა, რაც თავისი არსით, იგივეა.

სტრატაგემა მეათე – ღიმილში დამალული დანა

(„იუდას კოცნის“ სტრატაგემა)

მოხიბლე მოწინააღმდეგე ტკბილი სიტყვით. როდესაც მოიპოვებ მის ნდობას, იმოქმედე ფარულად მის ზურგს უკან. შენიღბე შენი ზრახვები ღიმილით.

სტრატაგემა მეთერთმეტე – შეწირე ქლიავის ხე ატმის მოსაწევად

(შეწირე ვერცხლი ოქროს გადასარჩენად)

მცირედის შეწირვა უფრო მნიშვნელოვანის გადასარჩენად. არსებობს გარემოებები, როდესაც გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად მოკლევადიანი მიზნები უნდა შეწირო. ასევე განმარტებულია, როგორც სტრატაგემა რომელიც გულისხმობს სხვის გაწირვას საკუთარი თავის გადასარჩენად.

სტრატაგემა მეთორმეტე – ხელს გააყოლე ცხვარი

(კაიროსის (ხელსაყრელი მომენტის ბერძნული ღმერთი) სტრატაგემა)

შენს გზაზე სიარულისას  მზად იყავი გამოიყენო ყველა მოულოდნელი შესაძლებლობა მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მისაღწევად. მუდმივი ფსიქოლოგიური მზაობა უპირატესობის მოსაპოვებლად.

სტრატაგემა მეცამეტე – ბალახზე დარტყმა გველის შესაშინებლად

(პროვოცირების სტრატაგემა)

როდესაც არ შეგიძლია განსაზღვრო მოწინააღმდეგის გეგმები, მოახდინე მისი პროვოცირება მცირე შეტევით და დააკვირდი მოწინააღმდეგის რეაქციებს. მოწინააღმდეგის ქმედებები ცხადყოფს მის სტრატეგიას.

სტრატაგემა მეთოთხმეტე – ითხოვე გვამი სულის დასაბრუნებლად

(კარგად დავიწყებული ძველის სტრატაგემა)

დაუბრუნდი დავიწყებულ ძველს, იმას, რაც კარგად დავიწყებულია და შეძინე მას ახალი მნიშვნელობა, აღჭურვე ახალი იდეებით ან ტექნოლოგიებით. მოახდინე მისი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინტერპრეტაცია. განაახლე მხოლოდ ფასადი ძველი ურთიერთობებისა და სისტემების შესანარჩუნებლად. თანამედროვე იდეოლოგიურ დაპირისპირებაში გამოიყენე წარსულში დავიწყებული იდეები.

სტრატაგემა მეთხუთმეტე – აიძულე ვეფხვი დატოვოს ბუნაგი

(იზოლაციის სტრატაგემა)

აიძულე მოწინააღმდეგე დატოვოს თავისი ბაზა. მოწყვიტე მისი ძლიერების წყაროს, ან მის მოკავშირეს, რათა განმარტოებული ადვილად დაამარცხო.

სტრატაგემა მეთექვსმეტე – იმისთვის რომ დაიჭირო, ჯერ გაუშვი

(გულუხვობის სტრატაგემა)

ნება დართო მოწინააღმდეგეს, რომ გაიქცეს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას უშვებ. ზოგჯერ, კუთხეში მომწყვდეული მტერი ორმაგად სახიფათოა. ამიტომ მიეცი ნება გაიქცეს რათა მორალურად დამარცხებული ადვილად დაიმორჩილო. ასევე, შეიძლება განმარტებულ იქნას, როგორც გულის მოგების სტრატაგემა. გულუხვობით მოწინააღმდეგე აიძულო დაგნებდეს.

სტრატაგემა მეჩვიდმეტე – აგურის გადაგდება იასპის მისაღებად

(სატყუარას სტრატაგემა)

რაიმე ნაკლებად მნიშვნელოვნის დათმობა უფრო მნიშვნელოვანის მისაღებად. ბრძოლაში მოწინააღმდეგეს შეუქმენი მოჩვენებითი სისუსტის ილუზია. აიძულე მასზე წამოეგოს, რათა საბოლოოდ შენი ჩანაფიქრი განახორციელო. დათმე მცირედი უფრო დიდისთვის. განიმარტება ასევე, როგორც Argumentum ad populum – სპექტაკლი ხალხისთვის.

სტრატაგემა მეთვრამეტე – ყაჩაღების დასამარცხებლად ჯერ დაიჭირე მეთაური

(თავის მოკვეთის სტრატაგემა)

მოწინააღმდეგის დამარცხება მეთაურის ლიკვიდირების გზით. ცხვრის ფარაც საშიშია თუ მას ლომი მიუძღვება. ორგანიზმის სიძლიერის ლიკვიდაცია მისი თავის გაუვნებელყოფით.

სტრატაგემა მეცხრამეტე – გამოაცალე ცეცხლს ნაფოტები

არ დაუპირისპირდე ძლიერ მოწინააღმდეგეს პირისპირ. ნელ-ნელა გამოაცალე ენერგია მისი სიძლიერის წყაროს.

სტრატაგემა მეოცე – წყლის ამღვრევა თევზის დასაჭერად

(ქაოსის სტრატაგემა)

გამოიყენე მტრის ბანაკში შექმნილი არეულობა მიზნის მისაღწევად. არიე სიტუაცია, საწადელის მისაღწევად.

სტრატაგემა ოცდამეერთე – ოქროს ციკადა ტყავს იცვლის

(თავდაჯერებულობის სტრატაგემა)

ყოველთვის შეინარჩუნე დამაჯერებლობა. არ დაუშვა ეჭვის შეიტანონ შენი პოზიციების სიმტკიცეში, რათა არ მოახდინო მტრის შეტევის პროვოცირება.

სტრატაგემა ოცდამეორე – ჩაკეტე კარი ქურდის დასაჭერად

(ალყის სტრატაგემა)

მცირერიცხოვანი მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციე და გაანადგურე. თუ მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალებას მისცემ, ამით მომავალი კონფლიქტის თესლს დათესავ. ასე უნდა მოიქცე დღეს, რათა მცირერიცხოვანი ან სუსტი მოწინააღმდეგე მომავალში ვინმემ შენს წინააღმდეგ არ გამოიყენოს.

სტრატაგემა ოცდამესამეიმეგობრე შორს მყოფებთან, იომე მეზობელთან

(მეზობლობის სტრატაგემა)

ცნობილია, რომ მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ ხშირად მტრულად არიან განწყობილნი, ხოლო მეზობლის მეზობელი – ხშირად მოკავშირეა. პრინციპი – ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია.

სტრატაგემა ოცდამეოთხე – გამოიყენე დაცული გზა გოს სამეფოს დასაპყრობად

როდესაც სუსტი ორ ძლიერ მოწინააღმდეგეს შორის არის მოქცეული, შესთავაზე მას შენი დახმარება და ამ საბაბით გაიმაგრე პოზიციები, შეიყვანე შენი ძალები მის ტერიტორიაზე დახმარების საბაბით.

სტრატაგემა ოცდამეხუთე – მოიპარე დედაბოძი და ახადე სახლს სახურავი

(დეზორგანიზების სტრატაგემა)

მტრის წყობა სახლს ჰგავს. გამოაცალე საფუძვლები, რომ შეარყიო. აიძულე იგი მუდმივად იცვალოს განლაგება. აიძულე დაარღვიოს ჩვეული მოქმედების წესი და ამით მოშლი მის მდგრადობას.

სტრატაგემა ოცდამეექვსე – დაემუქრე  თუთას და იგულისხმე სოფორა

(გადაბრალების სტრატაგემა)

ნამდვილი დამნაშავეების დაფარვა სხვაზე გადაბრალებით. ცრუ ალიაქოთის შექმნით ყურადღების გადატანა ნამდვილი დამნაშავისგან უდანაშაულოზე. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. არსებობს ასევე მეორე განმარტებაც: მმართველმა სხვაზე მაგალითებით თავის ხელქვეითებს შიში უნდა ჩაუნერგოს.

სტრატაგემა ოცდამეშვიდე – თუ გინდა რომ ბრძენი იყო, მოაჩვენე თავი სულელად

(ჯამბაზის სტრატაგემა)

გაიკეთე სულელის ნიღაბი, რომ დამალო შენი ზრახვები. მოაჩვენე თავი, თითქოს არაფერი იცი; დაელოდე, სანამ სხვები გამოააშკარავებენ თავიანთ ზრახვებს. სჯობს მოაჩვენო თავი, თითქოს არაფერი იცი და არაფრის გაკეთება  გინდა, ვიდრე საქვეყნოდ იხმაურო და არაფერი გამოგივიდეს.

სტრატაგემა ოცდამერვეაძვერი სახურავზე და დამალე კიბე

(კომუნიკაციების სტრატაგემა)

შეიტყუე მოწინააღმდეგე მძიმე ბუნებრივ გარემოში, გადაუჭერი მომარაგების გზები. აიძულე ებრძოლოს როგორც შენ, ასევე ბუნებრივ პირობებს. არსებობს ამ სტრატაგემას მეორე ინტერპრეტაციაც, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა –  იგი განმარტავს სტრატაგემას შემდეგნაირად: ჩააყენე შენი მებრძოლები ისეთ ბუნებრივ მდგომარეობაში, საიდანაც უკან დახევა წარმოუდგენელია და არსებობს მხოლოდ ორი გზა – გამარჯვება ან სიკვდილი, რაც პირდაპირ იმეორებს დავით აღმაშენებლის ჩანაფიქრს დიდგორის ველზე.

სტრატაგემა ოცდამეცხრე – გამხმარი ხეც აყვავდება

(შენიღბვის სტრატაგემა)

თუ ხეს აბრეშუმით მოვრთავთ  სიცოცხლის ილუზიას შევქმნით. ეშმაკობისა და შენიღბვის გამოყენებით შექმენი ილუზია, შეაცდინე მოწინააღმდეგე. ცრუ შენიღბვა, მოგეხსენებათ, ფართოდ გამოიყენება სამხედრო ხელოვნებაში მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად.

სტრატაგემა ოცდამეათეშეუცვალე სტუმარსა და მასპინძელს ადგილები

დაამარცხე მოწინააღმდეგე მის ბანაკში შეღწევით, მოჩვენებითი დანებებით, სამშვიდობო ხელშეკრულებებით. ამ გზით შეგიძლია აღმოაჩინო მისი სისუსტეები და როდესაც მისი თავდაცვითი ინსტინქტები მოდუნდება, დაარტყი პირდაპირ სიმძიმის ცენტრს.

სტრატაგემა ოცდამეთერთმეტე – ლამაზმანის სტრატაგემა

გამოიყენე ლამაზი ქალი კაცის საცდუნებლად, ან მტრის ბანაკში დეზორგანიზაციის შესატანად. ასევე, თუ კი მოწინააღმდეგის არმია ძლიერია, გამოიყენე ქალი მისი მეთაურის საცდუნებლად და მასზე გავლენის მოსაპოვებლად. როდესაც მეთაური მოეშვება, მოეშვება მისი არმიაც. ხშირად ქალები ეჭვიანობისა და შურის ნიადაგზე ფასდაუდებელი მოკავშირეები ხდებიან.

სტრატაგემა ოცდამეთორმეტე – ცარიელი ციხესიმაგრის სტრატაგემა

როდესაც მოწინააღმდეგის ძალები აღმატებულია რაოდენობაში, შეუქმენი მოულოდნელი ილუზია. დააცარიელე ციხესიმაგრე, თითქოს იგი ხაფანგებით სავსე იყოს. მოულოდნელი საქციელი მტერს ეჭვს გაუჩენს და მოაჩვენებს ხაფანგს იქ, სადაც ის სინამდვილეში არ არის და ამგვარად ხელს ააღებინებ შეტევაზე. იაზროვნე ჩარჩოებს გარეთ.

სტრატაგემა ოცდამეცამეტე – მსტოვრის სტრატაგემა

გამოიყენე მოწინააღმდეგის მსტოვარი ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად და მოწინააღმდეგის რიგებში განხეთქილების შესატანად. ხშირად განიმარტება ასევე, როგორც გათიშე და იბატონეს სტრატაგემა –  ცრუ ინფორმაციით ერთმანეთის მიმართ ეჭვი გააჩინე მტრის ბანაკში.

სტრატაგემა ოცდამეთოთხემტე – თვითდაზიანების სტრატაგემა

დაიზიანე საკუთარი თავი ნდობის მოსაპოვებლად. ხელოვნურად გაები მტრის ხაფანგში. მოადუნე მოწინააღმდეგის ყურადღება, რომ აღარ განიხილებოდე საფრთხედ. სტრატაგემის მეორე ინტერპრეტაციის მიხედვით: მოახდინე მტერთან ინტეგრირება, თითქოს საერთო მტრისგან მიიღე დაზიანება. გახდი ცრუ მოკავშირე.

სტრატაგემა ოცდამეთხუტმეტე – სათადარიგო გეგმის სტრატაგემა

არასდროს დაეყრდნო მხოლოდ ერთ სტრატეგიას. იქონიე რამდენიმე სათადარიგო გეგმა. იმოქმედე სხვადასხვა სტრატეგიით ერთი გეგმის ფარგლებში. თუ ერთი არ იმუშავებს, ყოველთვის გექნება ალტერნატივა.

სტრატაგემა ოცდამეთექვსმეტე – გაქცევის სტრატაგემა

თუ სიტუაცია უიმედოა – გაიქეცი. თუ ნათელია, რომ მტერი აუცილებლად დაგამარცხებს, უკან დაიხიე, გაიქეცი. როდესაც მარცხდები სამი გამოსავალია: დანებება, კომპრომისი და გაქცევა. პირველი სრული დამარცხებაა, მეორე  – ნახევრად დამარცხება, მაგრამ გაქცევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მარცხს, იმდენად რამდენადაც, სანამ ჯერ კიდევ არ დამარცხებულხართ, შანსი ყოველთვის იქნება.   სტრატაგემის მეორენაირი ინტერპრეტაციაც არსებობს: როდესაც მარცხი გარდაუვლად გეჩვენება, არ ჩაება ბრძოლაში. შეინახე ძალები უკეთესი დროისთვის.

  • დასკვნის მაგიერ

დღეს, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ომმა თვისობრივად შეიცვალა ფორმები. თუმცა ომი არასოდეს  იწყებოდა და  მთავრდებოდა მხოლოდ ჯარების შეტაკებებით საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე. მაშინაც და დღესაც,  ომის ასიმეტრიული/ჰიბრიდული ფორმები  არსებობდა ეპოქის განვითარების დონის შესაბამისად  და თუ დავუკვირდებით,  დროთა განმავლობაში არ შეიცვალა მხოლოდ ომის წარმოებისა და გამარჯვების  ძირითადი პრინციპები.  ყველაფერი ახალი ხომ მხოლოდ კარგად დავიწყებული ძველია,  ხოლო საუკეთესო მასწავლებელი – მარცხის სწორი ანალიზია.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1.      Воеводин А. И. Стратагемы – стратегиивойны, манипуляции, обмана

2.      Мясников В.С. Антологияхитроумных планов (Вступительная статья к монографии Харро фон Зенгера “Стратагемы. О китайском искусстве жить и выживать. Знаменитые 36 стратагем за три тысячелетия”). – М., 1995. С.6.

3.      Зенгер Х. фон. Стратагемы. О китайском искусстве жить и выживать. Знаменитые 36 стратагем за три тысячелетия //http://www.e-reading.club/chapter.php/145114/13/fon_Zenger_-_Stratagemy._O_kitaiiskom_iskusstve_zhit’_i_vyzhivat’.html

4.      Зенгер Х. фон. Стратагемы. О китайском искусстве жить и выживать. Знаменитые 36 стратагем за три тысячелетия //http://www.e-reading.club/chapter.php/145114/13/fon_Zenger_-_Stratagemy._O_kitaiiskom_iskusstve_zhit’_i_vyzhivat’.html

 

​ავტორი – გიორგი ანთაძე 

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი