17 თებერვალს, 18:00 საათზე სარაგბო დაპირისპირება - საქართველო-ესპანეთი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მიმდინარე წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეორე ტურის მატჩის წინ კაპიტნის ვარჯიში გამართა. ავჭალის სტადიონზე „ბორჯღალოსანთა“ შემდეგ სავარჯიშოდ მათი მომავალი მეტოქე, ესპანეთის ნაკრები გამოვიდა, რის შემდეგაც ორივე გუნდის მწვრთნელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. „ბორჯღალოსანთა“ მთავარი მწვრთნელის – მილტონ ჰეიგის განცხადებით, გუნდში მყოფი ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა და ხვალ ეროვნულ ნაკრებს დანაკლისი არ ექნება.
საქართველოსა და ესპანეთის სარაგბო დაპირისპირება 17 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 15 ლარია, რომელიც როგორც ონლაინ, ასევე სტადიონის სალაროებში იყიდება.
პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი პირველ არხზე იხილავს. მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე კი, ავჭალის სარაგბო სტადიონიდან, სტუმრებთან ერთად სპეციალური გადაცემა დაიწყება.