ამჯერად ჩემი პირადი არქივიდან 1992 წლით დათარიღებულ მასალას ვაქვეყნებ. ხელოვნებათმცოდნე მანანა თუმანიშვილთან სტუმრობისას დედამისმა – ქალბატონმა თამარ თუმანიშვილმა საოჯახო ალბომი დამათვალიერებინა. თან ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებზე საინტერესო ისტორიებს მიამბობდა. სახლში დაბრუნებულმა ის ნაამბობი ყოველი შემთხვევისათვის ჩავწერე. მოგვიანებით ქალბატონი თამარის ალბომიდან ზოგიერთი სურათიც გადავიღე. ის ძველი ფოტოები ახლა, რა თქმა უნდა, ტექნიკურად უხარისხოდ მოჩანს, მაგრამ მაინც საინტერესოა, რადგან ერთი კარგი ქართული ოჯახის უცნობ ამბებს ამზეურებენ:
ვერისუბანში, კერესელიძის ქუჩაზე, ძმებ ზდანევიჩების ყოფილ სახლში თუმანიშვილთა დიდი ოჯახის რძალი – ქალბატონი თამარი მმასპინძლობს. დღეს, როცა ამ საყოველთაო გაწამაწიაში უკან მისახედად აღარ გვცალია, ქალბატონ თამართან შეხვედრა ჩვენივე წარსულთან შეხვედრაცაა. იმ წარსულთან, ცალკეულ ფრაგმენტებად აკინძული, საოჯახო ალბომში რომ გაყუჩებულა. ძველებურ ალბომში, რომლის გამოცემაც 1916 წლითაა დათარიღებული.
– ეს ალბომი დიდი ქართველი მსახიობის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ნაქონია. მისი გარდაცვალების შემდეგ სახსოვრად წამოვიღე. ელისაბედი დეიდად მეკუთვნოდა. მამა არ მახსოვს, 27 წლისა გარდაცვლილა. სამი ობოლი ქალიშვილის ამარა დარჩენილ 21 წლის დედაჩემს, მელანია სიმონიშვილს სწორედ ელისაბედმა გამოუწოდა დახმარების ხელი. ერთ დიდ ოჯახად გავერთიანდით. საგინაშვილების სახლში ვცხოვრობდით. გენერალი საგინაშვილი ილია ჭავჭავაძის სიძე – დის ქმარი გახლდათ. თავდაპირველად წმ. ნინოს სახელობის დაწყებით სასწავლებელში მიმაბარეს, ჩიტაძის ქუჩაზე. გუშინდელივით მახსოვს: 1921 წლის ერთ სუსხიან დღეს თანაკლასელებთან ერთად თავდაღმართს მოვუყვებოდი. დღევანდელი მთავრობის სახლის ადგილზე (ამჟამინდელი პარლამენტის შენობა.- მ.ბ.) რუსების ეკლესია -„სობორო“ იდგა, რკინის დიდი გალავანი ერტყა. იმ დღეს ეკლესიის ეზოში 9 კუბო ესვენა. კოჯორთან ბრძოლის მონაწილე ქართველებს მარხავდნენ. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ მათგან ერთ-ერთი დაღუპული იუნკერი, მიხეილ თუმანიშვილი ჩემი მომავალი მეუღლის ძმა აღმოჩნდებოდა. მახსოვს, როგორ განიცდიდა ჩემი მეუღლე ძმის საფლავის ბედს. შევაგულიანე და მთავრობის სახლის მშენებელ ინჟინერთან მივაგზავნე თხოვნით, ძმის ძვლებს საფლავიდან ნუ ამომიყრითო. ის ინჟინერი ნაცნობი იყო. დათანხმდა და საფლავი შიდა ეზოში აუზთან ახლოს მოაქცია.
წმ. ნინოს სასწავლებელი შემდეგ „განათლებას“ შეუერთეს და იქ გადამიყვანეს. სკოლის დირექტორი ნოე ჟორდანიას ქალიშვილი, შურა ფაღავა იყო, ცნობილი ფრანგი ბალერინას – ეთერ ფაღავას დედა. ქალბატონი შურა ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ. 21-ში მენშევიკებთან ერთად მამას ისიც თან გაჰყვა პარიზში.
სხვათა შორის, ჩვენ სიძე გვყავდა მენშევიკების მინისტრი: ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქალიშვილის, ნუცას მეუღლე – კოტე ანდრონიკაშვილი. ნუცა და კოტე ერთხანს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ცხოვრობდნენ. დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებული კოტე გასაბჭოების შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად საზღვარგარეთ გასამგზავრებელ თადარიგს შეუდგა. ჩვენს სახლში მალულად იკრიბებოდნენ მენშევიკები. მე და ჩემი და გარეთ ვდარაჯობდით. თუ ვინმე საეჭვოს შევამჩნევდით, ვატყობინებდით და უკანა კარიდან გასული სტუმრები ფიქრის გორას აფარებდნენ თავს. კოტემ დედაჩემს ერთი ქოთანი მიაბარა, რომელშიც ოქროს აგროვებდნენ. სარდაფში დაფლული ქოთანი მალე გაივსო და დედამ უკან დაუბრუნა, თბილი ტანსაცმელიც მოუმარაგა. ბათუმში წინდაწინ გაგზავნილმა კაცმა თურქეთში გადასასვლელად ნავი დაიქირავა. იქიდან პარიზს უნდა გამგზავრებულიყვნენ. კოტე და მისი მეგობრები ბათუმისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუდგნენ, მაგრამ ვიღაცამ გასცა და გზაში დააპატიმრეს. ტობოლსკში გადაასახლეს და დახვრიტეს.
სურათს სურათი მოსდევს. თანდათან ფართოვდება ნათესავ-მეგობართა წრე. ყოველ ცალკეულ სურათს ახალი მოგონებები უკავშირდება. ქალბატონი თამარი გულდასმით მაცნობს მათთან დაახლოვებულ ქართველ მოღვაწეთა თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ცნობილსა თუ უცნობ სახელებს: ნიკო გოცირიძე, მაკო საფაროვა, ვასო აბაშიძე, ნატო ვაჩნაძე, იუზა ზარდალიშვილი, ელო ანდრონიკაშვილი, ალისა ქიქოძე, იოსებ გრიშაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, თამარ აბაკელია, კარლო კალაძე, სერგი და ნანა ჯაფარიძეები, თამარ სულაქველიძე, თინა ქვარიანი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე ქომეთიანი. და ისევ სურათები, ისევ სახელები: აკადემიკოსი გივი ხუციშვილი, ეკონომისტი ირაკლი მესხი, პროფესორი სერგი გორგაძე, ისტორიკოსი ილია ფერაძე…
– ჩემი და ილია ფერაძის ვაჟს, გიორგის გაჰყვა ცოლად. აქვე, არაგვის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის – იოსებ ყიფშიძის მეზობლად. სერგი გორგაძის ოჯახიც იქვე სახლობდა. სხვათა შორის, ეს ეზო რჩეული ინტელიგენციის თავშესაყარი კერა იყო. ერთი ასეთი ამბავი მაგონდება: შუაღამის ორ საათზე ზარის ხმამ გამაღვიძა. კარი გავაღე და ნაგვიანევ სტუმარში ჩემი სიძის და – ნინა ფერაძე შევიცანი. თუმცა, მისმა გარეგნობამ ერთობ შემაცბუნა: ზურგზე ტომარამოგდებულს მდაბიო რუსის დედაკაცის ტანისამოსი ეცვა. ტომარა გორგაძეებთან შეიტანა. ნინა და მისი მეუღლე დამიან ჯგუბუა ლენინგრადში ცხოვრობდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი თავის წერილებში სთხოვდა დამიანეს, როგორმე გაიჭირვე და მანდ რომ საქართველოს სამეფო გვირგვინი, სამეფო ჯვარი და სხვა ნივთებია, ეცადე გამოისყიდოო. დამიანე და ნინა ლამის შიმშილობდნენ, საჭირო თანხა რომ დაეგროვებინათ. და აი, დამიანეს გადაწყვეტილებით, ბოგანოდ გადაცმულმა ნინამ მატარებლის საერთო ვაგონით ოთხი დღე იმგზავრა და სამეფო განძეული ყოველგვარი ჩემოდნის გარეშე ლენინგრადიდან ტომრით გამოაპარა. მეორე დღეს სერგი გორგაძემ მოიყვანა ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ახვლედიანი და მიხეილ ზანდუკელი. ნივთები აღწერეს, აქტი შეადგინეს და განძეული მუზეუმს გადასცეს…
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აღრიცხვის სამმართველოში ვმუშაობდი. ჩემთან ერთად მუშაობდა თამარ ზალდასტანიშვილიც (ამერიკელი ბიზნესმენის, გივი ზალდასტანის მამიდა). ერთ დილით მე და თამარი ორთაჭალაში გაჩერებაზე ავტობუსს ველოდით. სატვირთო მანქანამ ჩაგვიარა. ძარაზე ჩემი დის მეზობელი, ბაბულია მდივანი იდგა ხიშტებიანი მცველებით გარშემორტყმული. თამარო, მომაძახა, ჩვენებს გადაეცი, დასახვრეტად მივყევარო. აბა, როგორ მეთქვა. ჩემს დას კი ვუთხარი. ვერც იმან შეატყობინა იმ უბედურის ოჯახს.
რადგანაც ხალხის დაჭერა გახშირდა, აღრიცხვის სამმართველოდან კინოსტუდიაში გადავედი, სცენარებზე ვმუშაობდი. ერთ დღეს ჩვენი განყოფილების გამგემ, გოგი კავკასიძემ საგეგმო კომიტეტში გამგზავნა დავალებით. უკან მობრუნებული დარაჯმა ზემოთ აღარ ამიშვა, ჩქარა დაიმალეო. დავიბენი, ინსტინქტურად კედელს მოვეფარე. ორიოდ წუთში მთელი ჩვენი განყოფილების თანამშრომლები დაკავებულები გამოიყვანეს. გული კინაღამ შემიღონდა. მეგონა, მეც დამიჭერდნენ, მაგრამ გადავრჩი. აღარც მერე მომაკითხეს.
ქალბატონი თამარი თავისი ყმაწვილქალობის სურათს მიჩვენებს, რომლის ასლიც ფოტოგრაფს საკუთარი ფოტოვიტრინის სარეკლამოდ გაუდიდებია. შემდეგ სანიმუშოდ პარიზშიც წაუღია. იმ სურათზე ქალბატონი თამარი ჩოგბურთის ჩოგნითაა გადაღებული. ჩემი მომავალი მეუღლე ნიკოლოზი – კოლია თუმანიშვილი სწორედ ჩოგბურთის თამაშისას გავიცანიო.
– კოლია ინჟინერი იყო. ორმოცდაერთში ფრონტზე გაიწვიეს, საიდანაც კონტუზიით დაბრუნდა. მოგვიანებით ვიეტნამში გაგზავნეს ჩაის ქარხნის მშენებლობის ხელმძღვანელად. მე და მანანასაც (ჩვენი ქალიშვილი) გვიპირებდა წაყვანას, მაგრამ მოულოდნელად ძალზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩამოიყვანეს. ამის შემდეგ კიდევ 6 წელი იცოცხლა, მაგრამ აღარ გამოკეთებულა.
თუმანიშვილთა ოჯახის წინაპრები ჯერ კიდევ ერეკლე მეფის სასახლის კარზე ყოფილან განთქმულნი. მათი შთამომავალნი დღესაც ქართულ საქმეთა სასიკეთოდ იღვწიან სხვადასხვა განხრით.
– თითქმის ყველა ნივთი ჩემს ოჯახში გარდასულ დღეთა მოგონებებთან მაკავშირებს. ეს ძველებური სეკრეტერი ალექსანდრე ჭავჭავაძისეულია და მისმა შთამომავალმა, ნატალია ჭავჭავაძემ გვაჩუქა, მანანა რომ შეგვეძინა. ჯავახიშვილის ქუჩაზე ლენინგრადელი მეზობელი გვყავდა, გვარად ბუხმეიერი. ცოლად რიმსკი-კორსაკოვის ქალი ჰყავდა. მეტად ერუდირებული, არისტოკრატული ოჯახი ჰქონდათ, ფრანგულად ლაპარაკობდნენ. ძალიან ვმეგობრობდით. ეს ფრანგული სარკე ბუხმეიერის მეუღლემ ჩემს მანანას აჩუქა – ბებიაჩემის, კომპოზიტორ რიმსკი-კორსაკოვის დედის ნაქონიაო. მეც დამიტოვა ბებიასეული შარფი. ხელსაქმე მეხერხება და იმ შარფისგან მერე ძველებურ ლამფას მშვენიერი აბაჟური შევუკერე. ერთ ახალ წელს, მელანიაობა ღამეს ილია ჭავჭავაძემ დედაჩემს – მელანიას დიდი ბაღდადი უსახსოვრა. სათუთად ვინახავდით, მაგრამ დროისაგან სულ ერთიანად გაიცრიცა. ილიასეული ნივთები სხვაც ბევრი მქონდა. პარიზში ილიამ ელისაბედ ჩერქეზიშვილთან, ნიკო ხიზანიშვილსა და მაკო საფაროვასთან ერთად იმგზავრა. იქ ნიკოსთვის საჩუქრად სუფრის დანების ნაკრები შეუძენია, დიდი გურმანი ხარ და გამოგადგებაო. ის დანები სხვა ნივთებთან ერთად მერე ილიას მუზეუმს გადავეცი უსასყიდლოდ…
ამ ოჯახში წარსული მართლაც ყოველ ცალკეულ ნივთშია გასაგნებული. ყველაფერი დროის განსაკუთრებული ტვიფრითაა აღბეჭდილი. ოთახის კედლებსაც სურათები ამდიდრებს… ალბომი დავხურეთ და იმ დროის ფრაგმენტული აღქმაც შეწყდა. ახლა თითქოს დისტანციიდან ვჭვრეტთ უწინდელ მოვლენებს. მოვლენებს, ავ-კარგის მიუხედავად, რაღაც აუხსნელ ინტერესს რომ აღძრავენ და ჩვენსავე წარსულს ესოდენ ხელშესახებად შეგვაგრძნობინებენ…
მარინა ბუზუკაშვილი