ფრენი და ზუი - ამბავი მსუქან დეიდაზე
ფრენი და ზუი - ამბავი მსუქან დეიდაზე

მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი წილი სელინჯერი უკვე წაკითხული მქონდა სკოლის პერიოდში, ახლახანს, მეგობარმა სასხვათაშორისო აღფრთოვანებით ახსენა, წლების შემდეგ ხელახლა ჩამივარდა ხელში “ფრენი და ზუი” და ახლა თითოეულ ფურცელს ვიზოგავ, რომ მალე არ მოვრჩეო. ამ ამბავმა, ნოემბრის ერთ ქარიან საღამოს, მეც კიდევ ერთხელ ამაღებინა ხელში ეს მომცრო წიგნი.

სელინჯერი ჩვენს ამბავს გვიყვება – ჩემსას, ჩემი მეგობრისას და შენსასაც, რომელსაც უკვე წაკითხული გაქვს, ან წინ გელის ეს სიამოვნება, ან შეიძლება სულაც  გჭირდება, რომ ჩემსავით ხელახლა გადაიკითხო.

ყველანი ვყოფილვართ ფრენი, ცხოვრების არსზე და მიზანზე ჩაფიქრებულები, გარშემომყოფების სიყალბით შეწუხებულები და ამ ყველაფრისგან ხსნაც ბევრგან გვიძებნია. შეიძლება ზუიც ვყოფილვართ და პასუხები ჯერ საკუთარ თავში გვიძებნია, შემდეგ კი ამაში უფროსი ძმის, სიმორის მიერ ბავშვობაში მოყოლილი ამბავი დაგვხმარებია. ანაც,  გლასების დედა, ბესი, რომელსაც ვერაფრით გაუგია, ბავშვობაში ლაღი და ბედნიერი, ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვები ასეთი უხეშები და სევდიანები როგორ გახდნენ. შეიძლება, მასავით არასწორი ხერხებითაც გვიცდია ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების დახმარება.

ძალიან ხშირად ხომ ამ ძიებების დროს მთავარი გვერდით გვრჩება, ვცდილობთ, რომ ჭეშმარიტებები სადღაც სხვაგან ვეძებოთ მაშინ, როცა ჩვენს გვერდით არსებული “წმინდა ბულიონის” დანახვა არ შეგვიძლია.

სელინჯერი ახერხებს  და ფრენის და ზუისთან ერთად ჯერ კითხვებს გვიჩენს და შემდეგ, თითქოს მარტივ, მაგრამ ამავდროულად დიდ ჭეშმარიტებამდე მივყავართ –

“ – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად თამაშობს მსახიობი – ღია საზაფხულო თეატრში, ტელევიზიაში, რადიოდადგმაში გამოდის, თუ ბროდვეიზე, ნაღები საზოგადოების წინაშე… მაყურებელი – უკლებრივ ყველა  – სწორედ ის ერთი დიდი, სქელი დეიდაა, იმ შენი პროფესორ ტაპერის ჩათვლით. დედამიწის ზურგზე არავინაა, სიმორის სქელ დეიდას რომ არ ჰგავდეს – გამიგე? და იცი, სინამდვილეში ვინაა? არ იცი? მართლა აზრზე არ ხარ? ე-ეჰ, შენა ხარ, რა! ეგაა სწორედ ქრისტე ღმერთი! ეგაა ჩვენი მაცხოვარი!”

და მსახიობები ჩვენ ვართ, ხოლო ბროდვეის სცენაზე მოდური მაყურებელი – საზოგადოება, რომელიც გამომცდელ თვალს არ აშორებს ჩვენს არც ერთ ნაბიჯს.