ზვიად ნაჭყებია - ჩეხეთში გადასვლა ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია #1TVSPORT
„სამტრედიის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ზვიად ნაჭყებიამ კომენტარი გააკეთა ჩეხურ „ზლინთან“ 2,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე, სადაც 11-ნომრით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ 24 წლის გარემარბი „დინამო თბილისის“ აღზრდილია და საზღვარგარეთ პირველად ითამაშებს.
„ზლინში“ გადასვლა გამოწვევაა და ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს ვარიანტი ძალიან მომეწონა. ჩეხეთის ლიგა კარგი დონისაა. „ზლინს“ ადრე ევროპა ლიგაში უთამაშია. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ლიგაში დარჩენაა. ჩეხეთის თასის მოგების დიდი შანსი გვქვს, მეოთხედფინალში ვართ და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
მე ვიცი, რაც შემიძლია, ამიტომ საკუთარ თავს დიდ მიზნებს ვუსახავ და მინდა, გუნდს დავეხმარო. კონკურენციის არ მეშინია. უცხოეთში აქამდე არასდროს მითამაშია, ჩეხეთი ჩემთვის პირველი გამოცდილებაა. სამშაბათს ჩამოვედი, მაგრამ ამ მოკლე დროში ქალაქი და კლუბი ძალიან მომეწონა.
შევხვდი გენერალურ დირექტორს, ზდენეკ გრიგერას, კლუბის სხვა წარმომადგენლებს და მთავარ მწვრთნელ ბორისლავ ჩერვენკას. ყველამ ძალიან კარგად მიმიღო. ჯერ არცერთ ფეხბურთელთან არ მილაპარაკია, მაგრამ მოუთმენლად ველი მათ გაცნობას და მუშაობის დაწყებას. ვფიქრობ, ადაპტაცია არ გამიჭირდება“, – ამბობს „ზლინის“ ქართველი ახალწვეული.
აქვე ვიტყვით, რომ ზვიად ნაჭყებია „სამტრედიას“ დაემშვიდობა და გუნდში გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადაიხადა:
„სამტრედიაში“ საოცარი სეზონი გავატარე, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს უკვე წლებია ვთამაშობდი. გულშემატკივრებმა საოცრად მიმიღეს, ყოველ მატჩში მხარს მიჭერდნენ, მამხნევებდნენ და მღეროდნენ ჩემს სახელს, რაც ფეხბურთის თამაშს უფრო მიმარტივებდა და საპასუხოდ ვცდილობდი, მათთვის მადლობა ჩემი თამაშით გადამეხადა.
ძალიან დიდი მადლობა თითოეულ სამტრედიელ გულშემატკივარს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და სტაფს. ჩემს კარიერულ განვითარებაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს და რომ არა სამტრედია, ყველაფერი ბევრად რთული იქნებოდა. ვარ და ყოველთვის ვიქნები თქვენი გულშემატკივარი“.
„ზლინი“ 18 ტურის შემდეგ ჩეხეთის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა და დიდი ალბათობით, საგაზაფხულო ეტაპზე გასავარდნთა ექვსგუნდიან ჯგუფში ითამაშებს. ნაჭყებია კი დასრულებულ სეზონში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო – 33 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.