ზვიად კუპატაძე - უნდა მოვუმატოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ბევრის მიღწევა შეგვიძლია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრები 29 მაისიდან თბილისში შეკრებაზე არიან – გუნდმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო.
ცნობილია, რომ ავთანდილ ასათიანი ახლა ძირითად აქცენტს საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გააკეთებს და ლიეტუვასთან სამ და ოთხ ივნისს დანიშნულ ამხანაგურ შეხვედრებში მათ გამოცდის.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრებმა მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთეს.
ზვიად კუპატაძე, ნაკრების კაპიტანი: „საქართველოს ნაკრებში ხშირად ვერ იკრიბება და ამიტომ ჩვენთვის თითოეულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა მატჩი უნდა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტად შევთამაშდეთ და უკეთ ვიასპარეზოთ. ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდით, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, უფრო უნდა მოვუმატოთ და განვვითარდეთ, რადგან ამ ტურნირზე ბევრის მიღწევა შეგვიძლია. მე როდესაც დამიძახებენ, ნაკრებში ყოველთვის ჩამოვდივართ. ალბათ, ახლა თამაშის საშუალება ახალგაზრდებს მიეცემათ, რომ გაიზარდონ – კარგი მეკარეები გვყავს და მათი თამაში იგეგმება“.
ირაკლი თოდუა, საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი: „ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ. მწვრთნელები კანდიდატებს აკვირდებიან და გუნდში ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეები ვიქნებით. იმედია, გულშემატკივარი მოვა და დაშვებულ 30-პროცენტიან რაოდენობას შეავსებს. ჩვენი სურვილია, რომ შედეგიც ვაჩვენოთ და ის თამაშიც, რომელიც ჩვენს სამწვრთნელო სტაფს დააკმაყოფილებს“.
საქართველოსა და ლიეტუვას ფუტსალის ნაკრებთა ამხანაგური მატჩები სამ და ოთხ ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.