ზვიად კუპატაძე - ისტორია უკვე დავწერეთ, თუმცა ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ #1TVSPORT
ზვიად კუპატაძე - ისტორია უკვე დავწერეთ, თუმცა ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრებმა რუსეთთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე, გუნდის მზადებასა და იმედებზე ილაპარაკეს.

ზვიად კუპატაძე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი: 

„ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ტურნირის ფავორიტია. ძალიან ძლიერი გუნდია. ისტორია უკვე დავწერეთ, თუმცა ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და ვიბრძოლოთ ახალი მიზნებისთვის. ჯგუფური ეტაპი უკვე დავივიწყეთ და ვემზადებით მეოთხედფინალისთვის. ვიცით, რამდენად პრინციპული მეტოქეა რუსეთი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველაფერს დავდებთ მოსაგებად და თამაში აჩვენებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი“.

შოთა თოფურია, საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი: 

„ესპანეთთან მძიმე მარცხი უკვე წარსულია. გუნდში კარგი განწყობაა. ვიცით, ვისაც ვეთამაშებით და ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ მნიშვნელოვან თამაშში, მეოთხედფინალში მონაწილეობა. ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. ვფიქრობ, მოწინააღმდეგე ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. განვიხილავთ თამაშებს. ვეცდებით, მათ თამაშში არ ჩავერთოთ და მეტოქეს ჩვენი ფეხბურთი მოვახვიოთ თავს. ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ. ასეთ გრანდთან სათამაშოდ მაქსიმალური ბრძოლა და იღბალი დაგვჭირდება“.

1 თებერვალი. ამსტერდამი. ¼-ფინალური მატჩები

20:00

რუსეთი – საქართველო

23:00

ესპანეთი – სლოვაკეთი

საქართველოს და რუსეთის მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გამოავლენს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს და რუსეთის მატჩის გამარჯვებული 4 თებერვალს ნახევარფინალს ამსტერდამში უკრაინის ნაკრებთან გამართავს.