ზვიად კუპატაძე - ელიტ რაუნდისთვის ბრძოლა შეგვიძლია | ფუტსალი
ზვიად კუპატაძე - ელიტ რაუნდისთვის ბრძოლა შეგვიძლია | ფუტსალი
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდზე პირველ მატჩს 24 ოქტომბერს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ზელენა-გურას „მუნიციპალ ჰოლში“ მასპინძელ პოლონეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე დარწმუნებულია, რომ გუნდს გადამწყვეტი შეხვედრა სწორედ პოლონეთთან ელის.
„ყველაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ელიტ რაუნდის საგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლია. პოლონეთთან პირველივე მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. დარბაზი, სადაც ეს შეხვედრა გაიმართება, ხუთი ათას გულშემატკივარს იტევს და ყველა ბილეთი გაყიდულია. შესაბამისად, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ჩვენ მათ დასამარცხებლად საკმარისი ძალა გვაქვს. ეს ძალა გუნდია, რომელიც საქართველოს წარმოადგენს და ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად, ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდი ტაქტიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზადაა, ჩვენი მაქსიმუმი კი, თამაშებში გამოვლინდება“ – ამბობს ზვიად კუპატაძე.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეტოქეები მეინ რაუნდის პირველ შესარჩევ ჯგუფში მასპინძელი პოლონეთის გარდა, ფინეთი და მსოფლიო ორგზის ჩემპიონი, ესპანეთიც იქნება. თამაშები 24-27 ოქტომბერს გაიმართება – ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს.