ზვიად კუპატაძე - სამწუხაროა, რომ რუსეთთან გულშემატკივრების ემოცია დაგვაკლდება
ზვიად კუპატაძე თბილისშია და საქართველოს ფუტსალის ნაკრებთან ერთად, 2 თებერვალს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება.
„გაზპრომი-იუგრას“ გამოცდილი მეკარე ყველაზე კარგად იცნობს მომავალ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს, რადგან წლებია, ამ ქვეყანაში ასპარეზობს და მისი წევრების გვერდით თამაშობს.
„გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომლის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში არ შეგვიძლია. რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ვიცეჩემპიონია და მხოლოდ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი არ არის. სამწუხაროა, რომ არსებული ვითარების გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება და გულშემატკივრების ემოცია ნამდვილად დაგვაკლდება. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ საინტერესო მატჩს ვიხილავთ“, – ამბობს ზვიად კუპატაძე.
2 თებერვალს, საქართველო-რუსეთის ფუტსალის ნაკრებების მატჩი 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.