ზუსტად 39 წლის წინ - თბილისის „დინამომ“ „ბაიერნი“ დაამარცხა (ვიდეო)

ზუსტად 39 წლის წინ, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ევროპის ოთხი წამყვანი კლუბის ოთხთა ტურნირი დასრულდა, რომელშიც თბილისის „დინამო“ მონაწილეობდა. დასკვნითი მატჩი სამ სექტემბერს შედგა და „დინამომ“ მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველ მატჩში თბილისელები მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ, ხოლო მიუნხენელებმა ნიდერლანდურ „ალკმაართან“ 0:1 წააგეს და გუნდები საერთაშორისო ტურნირზე ერთმანეთს მესამე ადგილს ეცილებოდნენ. მესამე წუთზე რამაზ შენგელიამ ლამაზად აუარა გვერდი „ბაიერნის“ მცველებს და ანგარიში გახსნა. გერმანელებმა ტემპს უმატეს. და 24–ე წუთზე, გერმანიის ნაკრების კაპიტანმა პაულ ბრაიტნერმა მაინც შეძლო უკან ჩამოეტოვებინა ორი დინამოელი მცველი და დალაშქრა ოთარ გაბელიას კარი.

თბილისელებმა დაწინაურება მალევე მოახერხეს. 28–ე წუთზე ვლადიმერ გუცაევმა ორ მცველს გვერდი აუარა და საჯარიმოში შეჭრილი უხეშად მოცელეს – არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც რამაზ შენგელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:1.

ამ დროს, გერმანელთა ერთ ლიდერი, ბრაიტნერი მსაჯმა ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი წითელი ბარათი აუფრიალა. ასეთივე ბედი ეწია რუმენიგესაც, რომელმაც ბრაიტნერს გამოექომაგა. მატჩის 43–ე წუთზე კი, ამ ორმა ფეხბურთელმა „ბაიერნი“ მოედნიდან გაიყვანა. თბილისელები მეტოქეს ელოდნენ და ბოლოს დატოვეს სტადიონი. ტრიბუნებმა ისინი ტაშით გააცილა.

მესამე ადგილისათვის განკუთვნილი პრიზის გარდა დინამოელებმა სამი პერსონალური პრიზიდან ორი მიიღეს – ვალდიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო რამაზ შენგელიამ, რომელმაც ორ შეხვედრაში „რეალს“ და „ბაიერნს“ ოთხი გოლი გაუტანა, საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა. ტურნირის შემდეგ ვლადიმერ გუცაევს მადრიდის „რეალში“ გადასვლა შესთავაზეს.

1981 წლის 3 სექტემბერი. მადრიდი. სტადიონი – „სანტიაგო ბერნაბეუ“.

გოლები: 1:0 შენგელია (3), 1:1 ბრაიტნერი (24), 2:1 შენგელია (28)

„დინამო“: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, სვანაძე, ანდღულაძე, დარასელია, ჟვანია, გუცაევი, შენგელია

უფროსი მწვრთნელი: ნ.ახალკაცი

„ბაიერნი“: იუნგჰანსი, დრემლერი, აუგენშტაილერი, რაინერი, ჰორსმანი, ბრაიტნერი, კრაუსი, დურმბერგერი, სიგურიონსონი, ჰიონესი, რუმენიგე

უფროსი მწვრთნელი: პ. ჩერნაი

მსაჯი: პ. პერესი (ესპანეთი)