ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში დუბლი შეასრულა, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „ანჟერთან“ გასვლით მატჩში ამით მაინც ვერ ისარგებლა და დამარცხდა – 2:4. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლიგა 1-ის მე-9 ტურის მატჩში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
ანგარიში „ანჟერმა“ გახსნა. „სენტ-ეტიენმა“ მე-13 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა, მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას გაირკვა, რომ მასპინძელთა მოთამაშემ წესები დაარღვია და პენალტი ხელახლა დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ქართველმა ლეგიონერმა ამჯერად ზესტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლოს „ანჟერი“ კვლავ დაწინაურდა და მასპინძლებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.
შესვენების შემდეგ (57-ე წუთზე) დავითაშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა – 2:2. თუმცა სტუმრებმა შედეგის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, დარჩენილ დროში ორი ბურთი გაუშვეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.
ცხრა ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 7 ქულით მე-15 ადგილზე დაქვეითდა და დამატებითი მაჩვენებლებით მას „ანჟერმა“ გადაასწრო. გუნდმა სეზონში რვა გოლი გაიტანა, მათგან შვიდში დავითაშვილი მონაწილეობდა – ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციაზეა.