ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საფრანგეთის თასიდან გავარდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საფრანგეთის თასიდან გავარდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის თასზე „რენს“ უმასპინძლა, 1:2 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა – ბორდოს „მატმუდ ატლანტიკზე“ გამართულ 1/32-ფინალურ შეხვედრაში ქართველი შემტევი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 23-ე წუთზე „ბორდოს“ კარი ბენჟამინ ბურიგომ აიღო. მასპინძლებმა წონასწორობა შესვენებამდე აღადგინეს – გოლი ჯოშ მაიამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანა – 1:1.

მეორე ტაიმში „რენის“ ბელგიელმა თავდამსხმელმა, ჯერემი დოკუმ მეორე გოლის გატანაც მოახერხა. მე-60 წუთზე „ბორდო“ კაცნაკლული დარჩა – უხეშობისთვის არბიტრმა მცველი მალკომ ბოკელე გააძევა.

საბოლოოდ, „რენმა“ უპირატესობა შეინარჩუნა, 2:1 მოიგო და საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა.