ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 11 რჩეული მოთამაშე რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა საერთაშორისო სტატისტიკური პროგრამის, „ინსტატ ინდექსის“ მონაცემებზე დაყრდნობით შეარჩია.
ეს არის პროგრამა, რომელიც ყველა მოთამაშის მოქმედებების ჯამს აღრიცხავს – ვინ რამდენი კილომეტრი ირბინა, რამდენი ორთაბრძოლა მოიგო, რამდენი გადაცემა გააკეთა და ა.შ. „ინსტატ ინდექსის“ პროგრამით, ყაზანის „რუბინის“ ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში „ტამბოვთან“ 358 ქულა დააგროვა, რაც ტურში მეექვსე შედეგია. პრემიერლიგის გვერდმა ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე განაწესა.
„ყაზანის „რუბინმა“ „ტამბოვი“ მინიმალური ანგარიშით კი დაამარცხა 2:1, მაგრამ თამაში სანახაობრივი აღმოჩნდა. „რუბინი“ პრემიერლიგის მე-12 ტურში მოგებული ორთაბრძოლებისა და საგოლე მომენტების მიხედვით პირველ ადგილზეა. ზურიკო დავითაშვილმა „რუბინის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან გაიტანა გოლი, ხოლო მისი გადაცემების 93 პროცენტი ზუსტი იყო. დავითაშვილმა მოახერხა და ჯარიმების მხრივაც ლიგაში გამორჩეული ფეხბურთელი გახდა – ის ხუთჯერ დააჯარიმეს“, – წერს პრემიერლიგის ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა პრემიერლიგის მე-12 ტურში „ტამბოვთან“ ლიგაში სადებიუტო გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პრემიერლიგისა და ტელეკომპანია Match Premier-ის ექსპერტებმა აღიარეს.