17 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში, 10 მოთამაშით დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა ფავორიტთან, მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.
ქართველებიდან თავი ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა – თბილისის ”ლოკომოტივის” შემტევმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა. 17 წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ელიტ-რაუნდის მასპინძლებს გოლები მე-9 და 28-ე წუთებზე გაუტანა და ორივე – პენალტით.
დავითაშვილმა საქართველოს ნაკრებისა და საკუთარი თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“პოლონეთთან მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარში მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით და ამის მიუხედავად ცუდად არ გვითამაშია. რაც შეეხება ჩემს თამაშს, გოლები ყოველთვის სასიამოვნოა, მითუმეტეს, როცა გუნდს შედეგის მიღწევაში ეხმარება.
ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვაქვს. იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება”. – ამბობს დავითაშვილი.
ელიტ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 24 მარტს, ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.