ზურიკო დავითაშვილი - იმედია, რომ დაგეგმილს მოედანზე გადავიტანთ, ბათუმში გულშემატკივარი ჩვენ გვერდით იქნება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის საგურამოში მზადება დაასრულა. ბოლო ვარჯიშის შემდეგ მედიასთან კომენტარები ზურიკო დავითაშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა გააკეთეს.
ზურიკო დავითაშვილი: „მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ვემზადებით, ვვარჯიშობთ და იმედია, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ და ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ თამაშს.
დიდი ხანია, ბათუმში არ მითამაშია. ძალიან კარგი სტადიონია, სადაც ყოველთვის შესანიშნავი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენ გვერდით იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ერთად დავამარცხებთ მეტოქეს“.
ოთარ კიტეიშვილი: „რამდენიმე დღეა, რაც ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. ბოლო ორი დღეა, შედარებით ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მოახლოებულ შეხვედრებს. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის. ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება დადებითი შედეგის მისაღწევად.
განსხვავებული მატჩები ჩავატარეთ. ოქტომბერში უფრო მეტად დაცვიდან გვეთამაშებოდნენ მეტოქეები და ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ. მსგავსი მოლოდინი გვაქვს მოახლოებულ შეხვედრებშიც, თუმცა უკრაინაც მოსაგებად იბრძოლებს, ჩვენ კი ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ“.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები ბათუმში 16 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.