ზურიკო დავითაშვილი - გოლის გატანა სასიამოვნოა, განსაკუთრებით ტრავმის შემდეგ
„რუბინი“ 12 თამაშში 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე იმყოფება და სახიფათო ზონას ოდნავ მოსცილდა. ყაზანელებმა პრემიერლიგაში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია (ერთი ფრე, ოთხი წაგება) დაასრულეს.
ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მოედანს ერთვიანი მკურნალობის შემდეგ დაუბრუნდა – საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგაში „ტამბოვთან“ სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს მოგებაში (2:1) დაეხმარა, თავად კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს „რუბინის“ ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა.
„ყაზანში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ემოციები? გოლი ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით, როდესაც ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდები. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, გატანა რომ მოვახერხე,“ – ამბობს დავითაშვილი.
ქართველმა ამ გამარჯვების მნიშვნელობასა და გულშემატკივრების თანადგომის აუცილებლობაზეც ილაპარაკა.
„ამდენი წაგების შემდეგ, ჩვენთვის გამარჯვება ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, შემდეგშიც რომ გავიმარჯვოთ. დღეს ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. როდესაც ანგარიში 2:0 გახდა, ყველა მაინც საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვფიქრობდით. არადა, დაცვაში ჩაჯდომა საჭირო არ იყო. მეორე ტაიმი რთული ამიტომ გამოდგა, ხოლო დასასრული – სანერვიულო. დღეს კომფორტული ამინდი არ იყო და სტადიონზე არც ისე ბევრი გულშემატკივარი მოვიდა. მესმის, რომ ჩვენი გულშემატკივრებს უკმაყოფილების მიზეზი აქვს, მაგრამ რთულ ვითარებაში ვართ და მხარდაჭერა ახლა უფრო გვჭირდება,“ – განაცხადა დავითაშვილმა.