ზურიკო დავითაშვილი - დიდი ბარიერი გადავლახეთ და ევროპის ჩემპიონატზე უფრო თავისუფლად ვითამაშებთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ავსტრიაში გაემგზავრა. წასვლამდე „ბორდოს“ თავდამსხმელმა, ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.
„ჩემი აზრით, პლეი ოფის ორი თამაშის შემდეგ გუნდში განსხვავებული განწყობა იქნება. ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან დაძაბული შეხვედრები იყო, ახლა კი ეს წნეხი მოგვეხსნა.
პირადად მე საერთოდ არ ვნერვიულობ, პირიქით, ევროპის ჩემპიონატით უნდა ვისიამოვნოთ. დაძაბულები არ ვართ და, ჩემი აზრით, ეს დაგვეხმარება. ყველა ფეხბურთელი ასეთი განწყობითაა“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება. 9 ივნისს გუნდი პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს. 18 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთს დორტმუნდში შეხვდება, 22 ივნისს ჩეხეთს – ჰამბურგში, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას – გელზენკირხენში.