ზურიკო დავითაშვილი - ბათუმის „დინამოში“ გატარებულმა პატარა პერიოდმა ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი, რომელიც კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის „ბორდოში“ გააგრძელებს, ბათუმის „დინამოსა“ და გულშემატკივრებს სოციალური ქსელში გავრცელებული მიმართვით დაემშვიდობა.
„მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება ბათუმის „დინამოსთან“. ამ გუნდში ჩემი ცხოვრების ძალიან პატარა პერიოდი გავატარე, თუმცა ამ რამდენიმე თვემ ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ბათუმში ყოფნის პერიოდში ხალხისგან რა ენერგიაც მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება. დიდი მადლობა ბათუმის „დინამოს“ ყველა წევრს, გუნდის ფან-კლუბს და ყველა გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ამ ზაფხულში ევროტურნირების მატჩებში ჩვენ თქვენი გახარება ვერ შევძელით, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბათუმის „დინამო“ გააგრძელებს წარმატებით წინსვლას და გაახარებს ქართველ ხალხს“, – წერს ზურიკო დავითაშვილი.
საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევ ნახევარმცველზე ინფორმაცია „ეკიპმა“ გაავრცელა. ფრანგული გამოცემის ცნობით, ბათუმის „დინამოდან“ ზურიკო დავითაშვილის „ბორდოში“ გადასვლისთვის მხოლოდ იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი.
ამავე დროს, ცნობილია ტრანსფერის დეტალები, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება იჯარაზე სავალდებულო გამოსყიდვის შესაძლებლობით.