ზურაბ ხიზანიშვილი - „ბლექბერნში“ სტივ კინის მიმართ ყველა პატივისცემით იყო განწყობილი #1TVSPORT
ზურაბ ხიზანიშვილი - „ბლექბერნში“ სტივ კინის მიმართ ყველა პატივისცემით იყო განწყობილი #1TVSPORT

ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გაიხსენა სტივ კინი, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

55 წლის შოტლანდიელ სპეციალისტს საქართველოში კარგად არ იცნობენ. მასთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ ზურაბ ხიზანიშვილს აქვს. საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი „ბლექბერნში“ მაშინ თამაშობდა, როდესაც კინი ამ გუნდში ჯერ მთავარი მწვრთნელის, სემ ელერდაისის ასისტენტი (2009–2010) იყო, ხოლო შემდეგ მთავარ მწვრთნელად (2010–2012) დაინიშნა.

თუმცა, ხიზანიშვილსა და კინს ერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობა არ ჰქონიათ, რადგან ქართველი მცველი „ბლექბერნმა“ ამ პერიოდში იჯარით სამჯერ გაუშვა – ჯერ „ნიუკასლში“ 2009 წელს, ხოლო ორჯერ – „რედინგში“ 2010 და 2011 წელს.

„სიმართლე გითხრათ, სტივ კინთან ურთიერთობა ცოტა ხნის მანძილზე მქონდა, სემ ელერდაისის ასისტენტი იყო და მახსოვს, ფეხბურთელები მის მიმართ დიდი პატივისცემით იყვნენ განწყობილები. როდესაც მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მე უკვე იჯარით ვიყავი წასული“, – იხსენებს ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.