ზურაბ კახაბრიშვილი - საბედნიეროდ, ბექაური სწრაფად მომჯობინდა და ოლიმპიადაზე საჭიდაოდ მზადაა #1TVSPORT
ზურაბ კახაბრიშვილი - საბედნიეროდ, ბექაური სწრაფად მომჯობინდა და ოლიმპიადაზე საჭიდაოდ მზადაა #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი გუნდი ყველაზე მეტი სამედიცინო პერსონალით გაემგზავრა და ამის მიზეზებზეც ილაპარაკა.

„სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა სპორტსმენი და დელეგაციის წევრი ვაქცინირებული ყოფილიყო. ჩვენც მომზადებულები მივდივართ – 15 ყუთი მარტო წამლები მიგვაქვს, რომ ყველა ვითარებისთვის მზად ვიყოთ. ჩვენ არ ვიცით, ტოკიოში რა დაგვჭირდება. სხვათა შორის, დელეგაციაში ამდენი ექიმი არასოდეს გვყოლია – ახლა ტოკიოში 9 ექიმი მოდის, რომლებსაც შეთავსებით კოვიდ-მენეჯერების სტატუსი ექნებათ“, – ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ექიმმა სასიხარულო ამბავი გვითხრა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი იმედის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მდგომარეობაზე, რომელიც ტრავმირებული იყო.

„აეროპორტში წამოსვლამდე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ლაშა მზადაა საბრძოლველად და საომრად, ქართველი გულშემატკივარი რომ გაახაროს. მე არ მეგონა, ასე სწრაფად თუ გამოჯანმრთელდებოდა. მას რთული ტრავმა ჰქონდა და ლაშას მკურნალობაში უცხოელი სპეციალისტებიც ჩავრთეთ. საბედნიეროდ, მწვრთნელებისა და ექიმების ინდივიდუალურად შედგენილმა პროგრამამ შედეგი გამოიღო. ექიმები გაოცებულები არიან, ასე ადვილად აღდგენა რომ მოახერხა“.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი იასპარეზებს.

ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი შაბათს საღამოს გაემგზავრება – 30-სპორტსმენს შორის არიან ტყვიის მსროლელები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სამედიცინო პერსონალი. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები გეგმა-გრაფიკის მიხედვით თამაშებზე ეტაპობრივად გაემგზავრებიან.