სარაგბო ჩემპიონთა თასის მეორე ტურის შეხვედრაში ინგლისური დერბი ვიხილეთ. ლონდონის „ვოსფზი“ „ბასს“ დაუპირისპირდა და ფრედ – 35:35 ითამაშა.
„ვოსფზის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველი ბურჯი, ზურაბ ჟვანია ასპარეზობდა, რომელმაც შეხვედრის 47-ე წუთზე ლელო დადო.
მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ „ვოსფსმა“ მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში შეაღწია, სადაც ჯო სიმფსონმა ჟვანია მოძებნა. ქართველმა მორაგბემ მეტოქის დაცვის ხაზში არსებული სივრცე აითვისა და ბურთი ძელებს შორის დაამიწა. ჟვანიას ლელოს შემდეგ ანგარიში 21:21 გახდა. საგულისხმოა, რომ შეხვედრას საქართველოს ნაკრების შერკინების ახალი მწვრთნელი, გრემ როუნთრი ესწრებოდა.
ორი ტურის შემდეგ „ვოსფზს“ ერთი მარცხი და ერთი ფრე აქვს და სამი ქულით პირველ ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილს იკავებს.