ზუკა დავითაშვილი - გაზეთიდან გავიგე, ჩემზე დასაკვირვებლად „მანჩესტერის“ სკაუტი რომ ჩამოვიდა
ზუკა დავითაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სელექციონერის ინტერესზე პირადად არაფერი იცის –
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის “რუბინის” 18 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს ამბავი მხოლოდ მედიიდან შეიტყო.
„რამდენჯერმე გავიგე, რომ ესა თუ ის გუნდი ინტერესდებოდა და გუნდები სანახავად იყვნენ ჩამოსულები. მეც გაზეთიდან გავიგე, რომ მოსკოვის „ცსკა“-სთან შეხვედრას ჩემზე დასაკვირვებლად „მანჩესტერის“ სკაუტი რომ ესწრებოდა. მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ეს რამდენად კონკრეტული ინტერესია და მერე რა მოხდა. რუსეთის ჩემპიონატი ისეთი ლიგაა, თავს თუ გამოიჩენ, რომელიმე ტოპ-ლიგაში მოხვედრა წარმოუდგენელი არაა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ზუკა დავითაშვილი.
ინგლისური გრანდის სელექციონერის მოსკოვურ მგზავრობაზე რუსული გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი“ წერს: „მოსკოვის „ცსკა“-სა და „რუბინის“ შეხვედრას „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტი, კრისტო კილიბარდი ესწრებოდა, რომელიც ფიოდორ ჩალოვის, ზუკა დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სანახავად იმყოფებოდა. კილიბარდი აღმოსავლეთ ევროპელ ფეხბურთელებზეა სპეციალიზირებული და ფეხბურთელებს სწავლობს. კვარაცხელია, დავითაშვილი და ჩალოვი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და ისინი ინტერესს ამიტომაც იწვევენ, მათ ევროპაში სწავლობენ და აკვირდებიან”.