სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონისთვის, საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“, შესაბამისი ლიცენზირების პროცესი წარმატებით გაიარა და 2020 წლის სეზონში, ეროვნულ ლიგა 2-ში მონაწილეობის ეროვნული ლიცენზია მიიღო. თუმცა, კლუბი 2020 წლიდან ახალი სახელით ითამაშებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
„მომავალ საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნულ ლიგა 2-ში, „ზუგდიდი” ახალი სახელწოდებით იასპარეზებს და ამიერიდან გუნდს „დინამო” ზუგდიდი ერქმევა. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გუნდის ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით, ცვლილება რეესტრში გატარებულია. ზუგდიდური გუნდი, „დინამოს“ სახელით საქართველოს ჩემპიონატსა და სსრკ-ს ჩემპიონატის მეორე ლიგის 9-ე ზონაში ათეული წლების წინ ასპარეზობდა (1974 წწ-1990 წწ-მდე).
1995 წელს გუნდმა კვლავ დაიბრუნა ეს სახელი, თუმცა სახელწოდება მალე ისევ შეიცვალა და 2000 წლებიდან გუნდმა კვლავ ეს სახელი დააბრუნა, მაგრამ მცირე პერიოდით და ამ ეტაპზე ზუგდიდური გუნდი ზედა ელიტაში აღარ ასპარეზობდა. 2019 წლის ბოლოს კი გუნდს, კვლავ „დინამო” ზუგდიდი ეწოდა და როგორც აღვნიშნეთ, მომავალი სეზონიდან ზუგდიდური კლუბი ამ სახელწოდებით იასპარეზებს. ცვლილება შეეხო მხოლოდ სახელს და უცვლელი რჩება გუნდის ლოგო“ – წერია „ზუგდიდის” ოფიციალურ ვებგვერდზე.