ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებულ „ზუგდიდს“ ორი ახალწვეული ჰყავს – ირაკლი კლიმიაშვილი და ლევან ბაკურაძე. ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
ირაკლი კლიმიაშვილს წარდგენა არ სჭირდება. გამოცდილ ნახევარმცველს, წლების განმავლობაში არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბებში უთამაშია – „ვიტ ჯორჯიაში“, გორის „დილაში“, ბოლნისის „სიონში“, ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ქობულეთის „შუქურაში“, მარტვილის „მერანში“, „რუსთავში“. კლიმიაშვილს უცხოური კლუბებში გამოსვლის გამოცდილებაც გააჩნია – ტაშკენტის „პახტაკორში“, მახაჩკალას „ანჟიში“, რიგის „სკონტოში“, ბოლო სეზონი კი „რუსთავში“ ითამაშა. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და მისი ფორმით ხუთი მატჩი ჩაატარა.
ზუგდიდელთა მეორე ახალწვეულიც ნახევარმცველია – ლევან ბაკურაძე, რომელსაც ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშის ასევე დიდი გამოცდილება გააჩნია – ლევან ბაკურაძეს ბევრ ქართულ კლუბში („სამტრედია“, ქუთაისის „ტორპედო“, საჩხერის „ჩიხურა“, ვანის „სულორი“, თერჯოლის „საპოვნელა“) უთამაშია, ბოლო სეზონი კი ჩოხატაურის „ბახმაროში“ გაატარა.
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ თებერვლის დასაწყისში ორ საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან, რომლებიც შესაძლოა ზუგდიდელთა რიგებს, შეკრებამდე შეუერთდეს.